Borderlands (2009) მიმოხილვა!
დეველოპერი – 2K Games
გამომცემელი - Gearbox Software
გამოცემის თარიღი – 26 ოქტომბერი, 2009
ჟანრი – Sci-Fi, FPS
მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები
OS: XP/Vista/S7, 2.4 Ghz, 1gb ram (2gb ვისტასთვის), 256მბ ვიდეოკარტა, Gforce 8 სერია მინიმუმ, 8გბ თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე.
თამაშის ტესტირება ჩატარდა კომპიუტერზე შემდეგი მონაცემებით.
Intell Q9550 2,83ghz, 10gb ddr3, dual – Nvidia GTX 285 1gb, 1TB Raid 0 (x2) Hitachi.
ყველა შესაძლებელი გრაფიკული ოპცია იყო მაქსიმუმზე. მონიტორის გარჩევადობა 1600×1200.
ტესტირებაზე დახარჯული დრო – 6 საათი 19 წუთი 31 წამი.
—————————————————————————————————————————————————-
ერთი ჩემ კარგ ნაცნობ გეიმერს ხშირად უყვარს თქმა რომ არსებობენ ორი ტიპის თამაშები, ისინი რომლებიც აუცილებლად უნდა ითამაშო და ისინი რომელიც არა. 2K Games-ის ეს ნამუშევარი ძალიან შორსაა პირველისგან და სახიფათოდ ახლოსაა მეორესთან.
————————
2009 წლის დასაწყისში, დეველოპერმა, 2K Games-მა და გამომცემელმა Gearbox Software-მა დაიწყეს სერიოზული PR კამპანია თავიანთი ახალი პროექტის დასარეკლამებლად, ეპითეტები რომლითაც ჯერ კიდევ არ-გამოსულ Borderland-ს ამკობდნენ მხოლოდ დამკვეთის ფანტაზიით და PR კამპანიის ბიუჯეტით ისაზღვრებოდა, თუმცა მათ შორის გამოირჩეოდა ცნობილი ჟურნალი PC Gamer. “RPG-ს და FPS-ს ეყოლათ ბავშვი და მას Borderlands დაარქვეს” დაახლოებით ასე ჟღერდა სარეკლამო სლოგანი რომელიც ჟურნალის ფურცლებზე გამოჩნდა. სამწუხაროდ PC Gamer-ის კოლექტივს “გამორჩა” ის ფაქტი რომ “ბავშვს” რამოდენიმე ათეული სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადება აღმოაჩნდა, მათ შორის რაქიტი, პლაგიატიზმისაკენ დაუძლეველი ლტოლვა, ფანტაზიის არქონა და კლიშეების სიყვარული.
OH HAI!
თამაშის დაწყებისთანავე ორი რამ გეცემათ თვალში, პირველი – უდავოდ კარგად გაკეთებული სტილიზებული გრაფიკაა, მეორე კი – სცენარი, უფრო სწორად კი სცენარის ის ნაწილი რომელიც კეთილმა 2K-ელებმა გაიმეტეს ინტრო ფილმის დროს. თურმე ნუ იტყვით და სადღაც არსებულა პლანეტა პანდორა, რომლის მცხოვრებლებმაც ერთმანეთი წარმატებით გაჟლიტეს ატომურ ომში და ახლა უდაბნოდ ქცეულ პლანეტაზე მიდის ბრძოლა გადარჩენისათვის. პოსტაპოკალიპტიკური სამყარო..გადამწვარი უდაბნო..ატომური ომის შვილები და ბრძოლა ბანდებს შორის? ჰმ, ეს ხომ უკვე სადღაც იყო? მაგრამ ესეც არ გვაკმარეს, ასეთი მსგავსების აღმოჩენით შოკირებულებს პირდაპირ გვაჯახეს რომ თურმე ამ პლანეტაზე არსებულა რომელიღაც საიდუმლო საცავი (Vault) სადაც თუ მოხვდები, მიიღებ უკვდავებას, ძალაუფლებას, ფულს, ქალებს..ყველაფერს რასაც ისურვებ, მაგრამ რათქმაუნდა ეს მხოლოდ ლეგენდაა და არავინ არაფერი იცის ამ საცავის ადგილმდებარეობაზე… OH WAIT…
მოკლე მგზავრობა ავტობუსში, მოქმედი პირების ზედაპირული გაცნობით იწყება – ოთხი პერსონაჟი, ოთხივე განსხვავებული შესაძლებლობებით, 1(!) უნიკალური სკილით და ერთნაირად შავბნელი წარსულით. 2K-ს გენდერულ ბალანსზე მაინცდამაინც არ უზრუნია ამიტომ არჩევანი ერთი ქალი და სამი მამაკაციდან უნდა გააკეთოთ. ავტობუსი ჩერდება და თქვენს მიერ არჩეულ პერსონაჟს უცერემონიოდ აგდებენ უდაბნოში სადაც მას არც მეტი და არც ნაკლები საკუთარი მინი-რობოტი ხვდება, რაღაც საშუალო Wall-e -ს და Star Wars-ის ანდროიდებს შორის.. და ჰოი საოცრებავ, ყოვლად მოულოდნელად ეს კეთილი რობოტი ბიო-იმპლანტანტს გაძლევთ, რისი საშუალებითაც შეძლებთ სიცოცხლის, ტყვიების, იარაღის თუ სხვადასხვა ამუნიციის დანახვას, გამოყენებას და სკილების განაწილებას. აი უკვე მესამეჯერ თამაშის პირველ 4 წუთში მივხვდი რომ Something was rotten in state of Pandora.
Wastelands..Wastelands..
არსებობს რამოდენიმე განმასხვავებელი ნიშანი კარგ და ცუდ თამაშებს შორის, ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე მთავარი არის ატმოსფერო, თამაშის ჩართვიდან რამოდენიმე წუთში უკვე ხვდები მიგიზიდა გარემომ და გაინტერესებს გაიგო რა იმალება “აი იმ ბორცვის” უკან თუ ისე, ზრდილობისათვის ( და ექსპათვის რათქმაუნდა) დაეხეტები აქეთ იქით. აი Borderlands-ი აშკარად განეკუთვნება თამაშების მეორე ტიპს. მას შემდეგ რაც თქვენი პირადი რობოტი მცირე ექსკურსს ჩაგიტარებთ და შეამოწმებს თქვენ მოძრაობის, ხტომის, ჩაკუზვის და სროლის უნარ-ჩვევებს (:D) მიგაცილებთ უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე და კმაყოფილი დაგანებებთ თავს. ოღონდ..ერთი პრობლემაა, ეს დასახლებული პუნქტი მთლად დასახლებულიც არაა.. საქმე იმაშია რომ დეველოპერებმა ისე მოახერხეს რომ საკმაოდ დიდ რუკაზე პირველიდან მეთერთმეტე დონის ჩათვლით სულ 4 (ოთხ!) NPC-ს ხვდებით, ეს პირველი დონეები ფოსტალიონის სიმულატორს უფრო წააგავს ვიდრე FPS-ს ან მითუმეტეს RPG-ს.
თამაშების მეორე განმასხვავებელი ნიშანი – ეს მტრებია, ორში ერთი, ან 2K-ს დეველოპერები ვაჟას შემოქმედებას იცნობენ და მტკიცედ იცავენ “ცუდსა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი”-ს პრინციპს ან უბრალოდ ზარმაცები და არაკომპეტენტურები არიან, პირველ სამ ლოკაციაში (1- 17lvl) სულ 3 ტიპის “მობი” შეიძლება აღმოაჩინოთ, სამი განსხვავებული მოდელი. სამი. არა ერთი და ორი, არამედ სამი. 2k-ს დიზაინერები ალბათ ღამეებს ათენებდნენ ამ სამი (!) მოდელის შესაქმნელად…უფროსწორად არა, არ ათენებდნენ რადგან სამიდან ორი ძალიან ჰგვანან აი ამ პატიოსან ვეისტლანდერებს , მოდელებზე დრო რომ არ დაეკარგათ დეველოპერებს შესანიშნავი იდეა მოუვიდათ, აიღეს დაბალი დონის მონსტრის მოდელი, შეუცვალეს რაიმე ატრიბუტი (მაგ. ნიღბის ფერი ან ზურგზე ეკლების ფერი) ცოტათი გაადიდეს და ვუალა – ესეც თქვენი განსხვავებული მონსტრი!
მესამე განმასხვავებელი ნიშანი – ბრძოლის სისტემა. აქ ცოტა უკეთესადაა საქმე, დეველოპერებმა ბოლომდე ვერ მოახერხეს გაეფუჭებინათ იგი, ბრძოლები დინამიურია, იარაღების მრავალფეროვნება ნებისმიერ, ყველაზე კაპრიზულ გეიმერსაც კი დააკმაყოფილებს. ერთადერთი “მცირე” პრობლემა არის.. AI.. ხელოვნური ინტელექტი ამ თამაშში უბრალოდ არ არსებობს, არსებობს მობისთვის ე.წ ვეიპოინტების (Waypoint) მიმდინარეობა, რომელიც ვაი-და შემთხვევით დაირღვა, განწირული მონსტრი ერთ ადგილზე იწყებს ტრიალს, ჰაერში სროლას ან უბრალოდ იყინება. საერთოდ პროგრამირებასთან როგორც ჩანს ძალიან მწყრალად არიან 2K-ში, ვერ უმკლავდებით რომელიმე ძლიერ (-_-) (ბოსების სიძლიერე ამ თამაშში ორი პარამეტრით განისაზღვრება, ზომით და სირბილის სიჩქარით :/ ) მინიბოსს? რა პრობლემაა, ამოეფარეთ უახლოეს ქვას, იგი იქ აუცილებლად გაიჭედება, შემდეგ გამოდით საფარიდან, ავტომატის რამოდენიმე ჯერი, ან სნაიპერის შაშხანის ერთი მჭიდი უცებ და ეფექტურად მოაგვარებს თქვენ პრობლემას
ამ თამაშზე ალბათ კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგალითად თამაში გადაადგილების სწრაფ საშუალებასაც გვთავაზობს, ავტომობილი ა’ლია The Mad Max, რომელსაც ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს რომელიც გამოარჩევს მას თანამოძმეებისაგან.. იგი არ უხვევს.. დიახ, მანევრირება და მანქანის ფიზიკა საერთოდ “გამორჩათ” დეველოპერებს. ახლა მცირე გაიდი მათთვის ვინც მაინც ითამაშებს ამ თამაშს – მანქანის მოსახვევად გააჩერეთ მანქანა, დაელოდეთ ორიოდე წამი და შემდეგ მიეცით მიმართულება და გაზი. არც იოცნებოთ მაღალ სიჩქარეზე მოხვევაზე, არ დაუშვათ ის შეცდომები რომლებიც მე დავუშვი
. აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ ზოგიერთი გრაფიკული ელემენტი აშკარად მოპარულია (და არა მარტო იდეა) Bioshock და Fallout 3 -დან (იხ. ამუნიციის მაღაზია) არც იმაზე რომ მონსტრების რესპაუნის ტაიმერი იმდენად დაბალია რომ მისიის დასრულების შემდეგ უკანა გზაზე ისევ იმავე რაოდენობის, იგივე მობების მოკვლა გიწევს და რაც მთავარია ლუტიც იგივეა. თუ დიდი მოთმინება გაქვთ ამ ხერხით მე-5 დონეზეც კი გახდებით მილიონერი.. არც ხმოვან გაფორმებაზე ვამბობ არაფერს რადგან 4,35,3021- ე ჰედშოტის შემდეგ როდესაც თქვენი პერსონაჟი 4,35,3021-ედ იგივე კომენტარს გააკეთებს რაც წინა 4,35,3020-ზე, მიხვდებით რა კარგია როდესაც დინამიკის გამორთვა შეგიძლიათ.
RPG-სა და FPS-ის შვილი ინვალიდი აღმოჩნდა, 2K Games-ის ნამუშევარი კი ნაგავი, ამდენი გადაყრილი ფული, ასეთი PR კამპანია და ეს ყველაფერი რისთვის? სწორია, აი ამისთვის .





30 Oct 2009, 10:49 am
ბრავო კანაბის! შესანიშნავი სტატიაა! ასე გააგრძელე
06 Feb 2010, 4:18 pm
არ დამევასა ეგ თამაში
ნახევარი საათი წავითამაშე და წავშალე
06 Feb 2010, 4:21 pm
ერთადერთი კარგი მაგ თამაშში არის საუნდტრეკშI ერთი სიმღერა